საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის პრეზიდენტს, ლეხ კაჩინსკის შეხვდა.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავებისა და ნატოში საქართველოს ინტეგრაციის პერსპექტივები განიხილეს.
"ჩვენ ძალიან მადლიერი ვართ პოლონეთის, არა მხოლოდ მისი დამოკიდებულების გამო ქართველი ერის მიმართ, არამედ იმ პოლიტიკური მესიჯების გამო, რომელიც ყოველთვის გვესმის საერთაშორისო მასშტაბით. საქართველოს არსებობისთვის ამგვარი მესიჯები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ გარემოზე
"კარგად იცით, რომ საქართველო სასწაულებრივად გადაურჩა სრულ კატასტროფას და ის ფაქტი, რომ ჩვენ არა მხოლოდ გადავრჩით, არამედ წამყვან ადგილებს ვიკავებთ მსოფლიოს ეკონომიკურ რეიტინგებში, მნიშვნელოვნად ცვლის სიტუაციას ცენტრალურ აზიასა და სხვა რეგიონებში. პოლონეთმა ძალიან კარგად იცის რა მოხდა საქართველოში გასულ წელს, მაგრამ საჭიროა ეს იცოდეს დანარჩენმა ევროპულმა ქვეყნებმაც. ჩვენ გავაძლიერებთ თანამშრომლობას. ჩვენი ურთიერობა ნამდვილად მაგალითია ყველა ევროპული სახელმწიფოსთვის", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ლეხ კაჩინსკისთან ერთობლივად გამართულ პრესკონფერენციაზე.
ლეხ კაჩინკის გარდა, სააკაშვილი ასევე პირისპირ ესაუბრა პოლონეთის პრემიერ-მინისტრსაც.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთში სამუშაო ვიზიტით უკვე მეორე დღეა იმყოფება.