აშშ-ს ჩრდილო-აღმოსავლეთით ამინდის მკვეთრმა გაუარესებამ რამდენიმე შტატში ავიარეისების გადადება, ავტოსტრადების ბლოკირება და სარკინიგზო მიმოსვლის შეფერხება გამოიწვია.
ამასთან, ამერიკელი სინოპტიკოსები თოვას და უამინდობას უახლოეს დღეებშიც ვარაუდობენ.
გავრცელებული ინფორმაციით, შტატებში თოვას თან ერთვის ძლიერი ქარი, ამინდის ტემპერატურაც უფრო და უფრო ეცემა.
ნიუ-იორკის მერმა ბილ დე ბლაზიომ ორშაბათს საღამოს მოსახელობას ტელევიზიით მოუწოდა, რომ ქუჩებში გასვლისგან თავი შეიკავონ.
,,ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური, რომელსაც გადამეტება არ ახასიათებს, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ამინდის მოსალოდნელი პროგნოზის აღსაწერად ისეთ გამოთქმებს იყენებს, როგორიცაა ,,სიცოცხლისთვის საშიში" და ,,ისტორიული."- აცხადებს ტელეკომპანია CNN-ი.
თოვლის სტიქიამ შეიძლება საფრთხე 58 მილიონ ადამიანს შეუქმნას, ამიტომ აშშ-ს ზოგიერთ შტატში: ნიუ-იორკში, ნიუ-ჯერსიში, კონეკტიკუტში, როდ-აილენდში, მასაჩუსეტსა და ნიუ-ჰემპშირში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს.
მასალის გამოყენების პირობები