ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენელი მათიას იორში და დევიდ ვილშაიერი დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად წეროვანში ლტოლვილთა და განსახლების მინისტრ კობა სუბელიანსა და დევნილებს შეხვდნენ. მათიას ეორში დევნილების მდგომარეობას ადგილზე გაეცნო და აღნიშნა, რომ მათ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ მსოფლიოს მაგალითი მისცა, თუ როგორ შეიძლება ასეთი პრობლემები მოკლე დროში მოგვარდეს და ათასობით ადამიანი, რომლებიც საკუთარი სახლებიდან გამოდევნეს, კარვებში არ ცხოვრობენ და საკუთარი ჭერი აქვთ.
"თანამედროვე მსოფლიოში ხალხმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს თუ სად იცხოვროს. ის რაც საქართველოში მოხდა, რომ უამრავი ხალხი იძულებული გახდა საკუთარი სახლები დაეტოვებინა, ყველასთვის ტრაგედია აღმოჩნდა. ის, რაც ჩვენ შეგვიძლია, არის ის, რომ მათ ნორმალურ და ღირსეულ პირობებში იცხოვრონ. Mმჯერა, რომ საქართველო ყველაფერს გააკეთებს, რაც დევნილთა დასახმარებლად საჭიროა", _ განაცხადა მათიას იორშმა.
დელეგაციამ წეროვანის საჯარო სკოლაც დაათვალიერა. სუბელიანმა ევროპელ სტუმრებს დაწვრილებით გააცნო, რა გაკეთდა დევნილი მოსახლეობისთვის, როგორ აშენდა კოტეჯები და რა თანახა დაიხარჯა.
"მთავარი სათქმელი მათი მხრიდან ყოველთვის ის არის, რაც დევნილებისთვის გაკეთდა. კაპიკ-კაპიკ ყველაფერი დევნილებისთვის დაიხარჯა. ეს პროცესი იყო გამჭირვალე დამატებითი მოტივაცია, რომ დონორებმა დაფინანსება გაზრდონ. დონორი ორგანიზაციები წინა წლებშიც არსებობდნენ, მაგრამ მაშინდელი ხელისუფლების დროს მოტივაცია ნაკლები იყო, ქვეყანაში კორუფცია არსებობდა და თანხა გაურკვეველი მიმართულებით იხარჯებოდა. ახლა, როცა საკუთარი თვალით ხედავენ, აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის რა გაკეთდა, მეტი მუხტი აქვთ. რაც მთავარია, საქართველოს მიერ აღებული ვალდებულება დევნილების საზოგადოების წინაშე სრულდება. ამას დონორები თავად აღნიშნავენ და თავიანთ ანგარიშებში ასახავენ. ვიზიტის მიზანიც სწორედ ეს არის, რომ ამ ყველაფერს ანალიზი გაუკეთონ", _ განაცხადა სუბელიანმა.
იორშმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად დევნილების დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს.