შავი ზღვის ქუჩას პოლონეთის ტრაგიკულად დაღუპული პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის სახელი მიენიჭება. ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ სამადაშვილმა ისნის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
"საქართველოს ეროვნული გმირის და ჩვენი უახლოესი მეგობრის, ლეხ კაჩინსკის სახელი ისანში, ქეთევან წამებულისა და მელაანის ქუჩებს შორის მდებარე შავი ზღვის ქუჩას დაერქმევა", - აღნიშნა სამადაშვილმა.
მისი თქმით, აღნიშნულ საკითხს საკრებულო უახლოეს სხდომაზე დაამტკიცებს.
"არ უნდა დავივიწყოთ ის საქმეები, რაც პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა საქართველოსთვის გააკეთა. ლეხ კაჩინსკი ჩვენგან დიდ პატივისცემას ნამდვილად იმსახურებს. თბილისის ერთ-ერთი ქუჩისთვის მისი სახელის მინიჭებით კი გვსურს მის ხსოვნას პატივი მივაგოთ", - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.