,,ზურაბ ჟვანიამ ტუჩთან დაზიანება მაშინ მიიღო, როდესაც მე მას ხელოვნურ სუნთქვას ვუტარებდი," - ამის შესახებ, გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის დაცვის ყოფილმა უფროსმა, კობა ხარშილაძემ განმარტა.
მისივე განმარტებით, როცა ის ბინაში შევიდა ყოფილ პრემიერი უგონო მდგომარეობაში იჯდა სავარძელში და სიცოცხლის ნიშნები არ აღენიშნებოდა.
"შიგნით შევედი ფანჯრის გისოსების გამოგლეჯვის შემდეგ, რადგან კარები იყო ურდულით ჩაკეტილი და გასაღებით მას ვერ გავაღებდი. როდესაც შიგნით შევედი, ზურაბ ჟვანია უგონო მდგომარეობაში იჯდა სავარძელში. არც შეხებაზე და არც ყვირილზე რეაგირება არ ჰქონია და არანაირი სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა, არც პულსი არ ესინჯებოდა. ამის შემდეგ გადმოვაწვინე იატაკზე და გადავწყვიტე, ჩამეტარებინა ხელოვნური სუნთქვა. ხელოვნურმა სუნთქვამ შედეგი არ გამოიღო და მივხვდი, რომ გარდაცვლილი იყო, რის შესახებაც ვუთხარი მიხეილ ძაძამიასაც. პრემიერი გარეგნულად დავათვალიერე და მას არანაირი დაზიანება არ ჰქონდა. ასევე არ ჰქონდა დაზიანება უსუპოვსაც. ტუჩთან დაზიანება ზურაბ ჟვანიამ მას შემდეგ მიიღო, რაც ხელოვნურ სუნთქვას ვუტარებდი. მას ასევე არანაირი სისხლის ლაქა არ ჰქონდა,"- განაცხადა კობა ხარშილაძემ.
მასალის გამოყენების პირობები