მსახიობ ნიკო გომელაურს დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში 17 აპრილს დაკრძალავენ. მანამდე კი მსახიობს, პარასკევს, 16 აპრილს თავისუფალ თეატრში გადასვენებენ, სადაც ნიკო გომელაურს თეატრის სცენაზე დასვენებენ და უკანასკნელ ღამეს მისი კოლეგები გაუთევენ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, დილის 5 საათზე საკუთარ საცხოვრებელ სახლში 40 წლის ასაკში მსახიობი და პოეტი ნიკო გომელაური ხანგძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა, რომელიც ფილტვის სიმსივნით იყო დაავადებული.
ნიკო გომელაური 1970 წელს თბილისში დაიბადა. 1992 წელს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის სამსახიობო ფაკულტეტი დაამთავრა. ის გრიბოედოვის სახელობის რუსული თეატრის და თავისუფალი თეატრის მსახიობი იყო. გომელაური კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი გახლდათ.
2001 წელს მან ლექსების პირველი კრებული გამოუშვა, სულ კი გომელაურს ლექსების ოთხი კრებული აქვს გამოშვებული.