ხვალ, 14 აპრილს 12:00 საათზე ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში კალიგრაფიის კონკურსის საპრიზო ადგილებსა და ნომინაციებში გასული კონკურსანტები გამოვლინდებიან. ყველა ფინალისტს გადაეცემა სიგელი.
გამარჯვებულ მოსწავლეებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე აკაკი სეფერთელაძე დიპლომებსა და ფასიან საჩუქრებს გადასცემს.
ნომინაციებში გამარჯვებულ კონკურსის მონაწილეებს სპეციალურ პრიზებს გადასცემენ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, სამხატვრო აკადემია, საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები და სხვა ორგანიზაციები.
მონაწილეთა ნამუშევრების შეფასება უზრუნველყო კვალიფიციურმა ჟიურიმ.
დედა ენის დღეს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართება კონკურსის მონაწილეთა ნამუშევრების გამოფენა.
კონკურსი „ქართული კალიგრაფია" ჩატარდა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „წამის" ორგანიზებით.
პროექტის მიზანი იყო ახალგაზრდებში ხელით წერის კულტურის განვითარება და მათი შემოქმედებითი უნარის წარმოჩენა.
კონკურსში მონაწილეობდნენ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების V-XII კლასის მოსწავლეები, პროექტში ასევე აქტიურად იყვნენ ჩართულები უცხოეთში მცხოვრები ქართველებიც.
კალიგრაფიის კონკურსი ჩატარდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით.