კოალიცია ,,ქართული ოცნების" წევრი ზაქარია ქუცნაშვილი აცხადებს, რომ მისთვის ცნობია იმ მოწმის ვინაობა, რომელზეც იური ვაზაგაშვილი გარდაცვალებამდე საუბრობდა.
ქუცნაშვილის განცხადებით, აღნიშნული მოწმე პროკურატურამ უკვე დაკითხა.
,,ის პიროვნება, რომელზეც ბატონო იური საუბრობდა, მე ვიცი ვინ არის, ვიცი სად იმყოფება და ვიცი რა ინფორმაციის მატარებელიცაა. თუ აღმოჩნდა, რომ ძალოვან უწყებებში არიან პირები, ვინც ხელს აფარებენ მისი შვილის მკვლელებს, ამ შემთხვევაში, უკვე სხვა პროცესი წავა და მას მთელი რიგი სერიოზული ხასიათის საკადრო გადაწყვეტილებები უნდა მოყვეს სულ მცირე", _განაცხადა ჟურნალისტებთან ქუცნაშვილმა.
მისივე განცხადებით, სამწუხაროა, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში ორი წელი დასჭირდა იური ვაზაგაშვილს, რათა მისი შვილის გამოძიება ხელშესახებ შედეგამდე მისულიყო.
,,ძალიან განვიცდი იმას, რომ 2 წელი დაჭირდა იურის, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში გამოძიება მისულიყო ხელშესახებ შედეგებამდე," - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ გარდაცვალებამდე იური ვაზაგაშვილი აცხადებდა, რომ საქმეში გამოჩნდა ახალი მოწმე, რომლის ჩვენება ბევრ რამეს შეცვლიდა.