2015 წლის ბოლოსთვის ტრანსევროპააზიის საინფორმაციო სუპერმაგისტრალის (TASIM) რეალიზაცია აქტიურ ფაზაში გადავა. პროექტი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზეც გაივლის, ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალს კიდევ უფრო გაზრდის.
როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განმარტავენ, საქართველო მზადაა პროექტის რეალიზაციაში აქტიურად ჩაერთოს და პროექტის ფარგლებში ყველა ინიციატივას დაუჭიროს მხარი.
თავის მხრივ კი TASIM -ი რეგიონალური მნიშვნელობის პროექტია, რომლის მიზანიცაა ტრანსნაციონალური ოპტიკურბოჭკოვანი ხაზებით ევრაზიის ქვეყნების დასავლეთ ევროპასთან და აღმოსავლეთ აზიასთან დაკავშირება. პროექტის მიხედვით, ოპტიკურბოჭკოვანი სატრანზიტო ხაზი გერმანიის ქალაქ ფრანკფურტს ჰონგ კონგთან დააკავშირებს.
პროექტის თანახმად, TASIM -ი გაივლის ჩინეთის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, გერმანიის ტერიტორიებს, ხოლო სარეზერვო ხაზი კი - პოლონეთს, უკრაინასა და რუსეთს.
პროექტი ორ ეტაპად განხორციელდება. პირველი ეტაპი მოიცავს შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას, ხოლო მერე ეტაპი - მოსახლეობის იაფი ინტერნეტით უზრუნველყოფას.