ავეტისიანების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული რუსი სამხედრო მოსამსახურის, ვალერი პერმიაკოვის სასამართლო პროცესი სომხეთში გაიმართება. ამის შესახებ პრეზიდენტ სარქისიანთან შეხვედრის შემდეგ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ბასტრიკინმა განაცხადა, რომელიც საგანგებო ვიზიტით ერევანში ჩავიდა. მისივე თქმით, რუსეთი სომხურ მხარეს გამოძიების წარმართვაში დაეხმარება. თუ სად მოიხდის სასჯელს მკვლელობაში ბრალდებული ჯარისკაცი, ბასტრიკინს არ დაუკონკრეტებია. 18 წლის პერმიაკოვი გიუმრის რუსული სამხედრო ბაზიდან 14 იანვარს გაიქცა, ავეტისიანების სახლში შეიპარა და ოჯახის 6 წევრო მოკლა. თავდასხმისას დაჭრილი 6 თვის სერიოჟა ავეტისიანი გუშინ საავადმყოფოში გარდაიცვალა.