ხელოვნების ქურუმი - კულტურის სამინისტროს სპეციალური ჯილდო საერთაშორისო ასპარეზზე ქართული კინოს პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ზაზა ურუშაძეს და გიორგი ოვაშვილს გადაეცათ. დაჯილდოების ცერემონიაში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო მონაწილეობა.
ქართული ფილმების საერთაშორისო წარმატების აღსანიშნავად გამართულ სპეციალურ მიღებაზე მთავრობის მეთაურმა და კულტურის მინისტრმა გადამღებ ჯგუფსა და კინოხელოვანებს უმასპინძლეს.
"მინდა, გულით მოგილოცოთ ეს აღიარება, წარმატება, რაც არის ქართული კინოს გამარჯვება. თითოეული ქართველისთვის ძალიან დიდი ბედნიერებაა, რომ ორი ქართული ფილმი ოსკარის "შორთლისტში" მოხვდა. ჩვენ ქართული კინოს კეთების ძალიან დიდი ტრადიცია გვაქვს. ჩვენმა დიდმა რეჟისორებმა შედევრები შექმნეს და ამ ფილმების წარმატებამ დაადასტურა, რომ ქართული კინო არა მხოლოდ საამაყო კულტურის და ისტორიის ნაწილია, არამედ ვითარდება. ჩვენ კარგად გვესმის, რომ დღეს კინოს წარმოება ძალიან დიდ ფინანსურ რესურსს მოითხოვს და საჭიროა სახელმწიფოს დახმარება. მთავრობის სახელით მინდა გითხრათ, რომ მაქსიმალურად მხარში დაგიდგებით ყველა ნიჭიერ კინორეჟისორს, რომელიც ჩვენთვის საამაყო ფილმებს ქმნის. დადგა დრო, როდესაც ქართული კინო განვითარების ახალ ეტაპზე უნდა ავიყვანოთ",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ოსკარზე წარსადგენი უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში კინოსურათი 83-მა ქვეყანამ წარადგინა, საიდანაც ჟიურიმ 9 საუკეთესო ფილმს შორის ორი ქართული ნამუშევარი - ზაზა ურუშაძის „მანდარინები" და გიორგი ოვაშვილის „სიმინდის კუნძული" შეარჩია. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ოსკარის უცხოენოვანი ფილმების „შორთლისტში" ერთდროულად ორი ქართული ფილმი მოხვდა.
15 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოსთვის ზაზა ურუშაძის ფილმი - „მანდარინები" იბრძოლებს.