უკრაინა რუსეთს მინსკის შეთანხმების იმპლემენტაციის გრაფიკზე ხელმოწერას და 19 იანვრიდან ცეცხლის შეწყვეტას სთავაზობს.
ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება.
,,უკრაინა განუხრელად იცავს მინსკის შეთანხმების ყველა პუნქტს და რუსეთისგანაც იგივეს ითხოვს. 13 ნოემბერს მხარეებმა ხელი მოაწერეს სამუშაო დოკუმენტს, რომელიც მინსკის მემორანდუმის იმპლემენტაციის (საერთაშორისო-სამართლებრივი ნორმების სახელმწიფოს მიერ შესრულება) ზუსტ გრაფიკს ითვალისწინებს. მათ შორის, ცეცხლის ორმხრივი შეწყვეტის უზრუნველყოფას, მძიმე შეიარაღების გაყვანას და სადემარკაციო ხაზთან დაბრუნებას.
რუსეთმა ამ დოკუმენტიდან თავისი ხელმოწერა გააუქმა." - აცხადებს უკრაინის საგარეო უწყება.
18 იანვარს უკრაინამ კიდევ ერთხელ მიმართა რუსეთს დოკუმენტის იმპლემენტაციის გრაფიკის გაგრძელებასა და 19 იანვრიდან ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე.
უკრაინული მხარე იმედოვნებს, რომ ეს ნაბიჯი ცეცხლის სასწრაფო შეწყვეტას და რეგიონის მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვას შეუწყობს ხელს.