ბრიუსელში, ევროკავშირის 28 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სებასტიან კურცმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა რუსეთთან ურთიერთობა უნდა მოაგვაროს.
,,რუსეთის მოქმედებებზე შესაბამისი რეაქციების პარალელურად რუსეთთან ურთიერთობის ხანგრძლივი სტაბილიზებისთვის სათანადო სტრატეგია უნდა შევიმუშაოთ." - აღნიშნა მან.
კურცის თქმით, ევროკავშირმა ,,მოქმედებებზე რეაგირების სქემის" გამოყენება უნდა შეწყვიტოს და მრავალ თემაზე, მათ შორის კონფლიქტის წარმოშობის საფუძვლებზე რუსეთთან დიალოგი უნდა გამართოს.
,,ასეთი სტრატეგიული დისკუსია აუცილებელია. იმედი მაქვს, რომ მინსკის ხელშეკრულების საფუძველზე უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება რეალობად იქცევა და ევროკავშირის რუსეთთან ურთიერთობაც სტაბილური გახდება. მშვიდობა ევროპაში მხოლოდ რუსეთთან ერთად არის შესაძლებელი ." - განაცხადა მან.
მსგავსი პოზიცია უკავია კურცის შვედ კოლეგას, მარგოტ ვალსტრიომსაც, რომელსაც მიაჩნია, რომ სანქციები რუსეთის მიმართ ახლა კი უნდა შენარჩუნდეს, მაგრამ მომავალში მათ რუსეთთან ერთად არსებულ პერსპექტივებზეც უნდა იფიქრონ.
,,ვიმედოვნებ, რომ რუსეთთან უფრო ნორმალურ კონტაქტზე გავალთ." - აღნიშნა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბარში.
მასალის გამოყენების პირობები