რუსეთის მიმართ ამოქმედებული სანქციების გადახედვას და შესაძლო გაუქმებას უკრაინა იმ შემთხვევაში დასთანხმდება, თუ მოსკოვი უკრაინისთვის მიეყენებულ ყველა ზარალს აანაზღაურებს.
ასეთი პოზიცია დააფიქსირა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დოკუმენტში, რომელიც საგარეო საკითხებში ევროკავშირის მიერ გასამართ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრებისთვის გადასაცემად არის განკუთვნილი.
უკრაინის საგარეო უწყება შეშფოთებულია იმ იდეით, რომ ევროკავშირმა რუსეთის მიმართ სანქციების პოლიტიკა შეიძლება შეარბილოს, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი აგრესიის შეჩერებაზე არ ზრუნავს.
კიევი ასახელებს იმ მიზეზებს, რომელთა გამოც სანქციების შეჩერება ან შერბილება შეუძლებელია.
,,მოსკოვი ევროკავშირში ძალადობის პროპაგანდას ეწევა და მხარს უჭერს ტერორიზმს. გასულ წელს ევროკავშირმა თავის 20 გადაწყვეტილებაში რუსეთის ფედერაციას უკრაინაში ვითარების დეესკალაციისა და მშვიდობის დასამყარებლად 24 მოთხოვნა წაუყენა,
რუსეთმა მათგან მხოლოდ 4 მოთხოვნა შეასრულა, დანარჩენის იგნორირებას კი დღემდე აგრძელებს, რითაც საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს." - ნათქვამია აღნიშნულ დოკუმენტში.
კიევი ევროპას აფრთხილებს, რომ პუტინთან მოლაპარაკების მიზნით სანქციების შერბილება არ დაუშვას.
,,სანქციების საკითხში ევროკავშირის მხრიდან დათმობაზე წასვლა ნიშნავს ისეთი საერთაშორისო პრინციპების დათმობას, როგორიცაა ქვეყნის სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და საზღვრების ურღვევობა.
ეს კი დონბასში კონფლიქტის გაყინვასა და ყირიმის პრობლემის მოგვარების ხანგრძლივი დროით გადადებას გამოიწვევს." - აღნიშნული დოკუმენტში.
მასალის გამოყენების პირობები