დღეს, 13 აპრილს, ბუქარესტში საქართველოში გაზის გამათხევადებელი ტერმინალის მშენებლობასთან დაკავშირებით მემორანდუმი გაფორმდება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ენერგეტიკის სამინისტროდან აცნობეს, მემორანდუმს "გაზის მიწოდების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ" ხელს რუმინეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრები მოაწერენ.
მემორანდუმი გაზის გამათხევადებელი ორი ტერმინალის მშენებლობას ითვალისწინებს, აქედან ერთი საქართველოში, ხოლო მეორე რუმინეთში აშენდება. წინასწარი გათვლებით, პროექტის ღირებულება 4-6 მლრდ ევროს შეადგენს.
"ახალი პროექტის განხორციელების შემთხვევაში დამატებით შემოსავალს მიიღებს, როგორც საქართველოს ბიუჯეტი, ასევე მივიღებთ გაზის დამატებით მოცულობებს. მსგავსი პროექტებით კიდევ უფრო გამოიკვეთა საქართველოს, როგორც ტრანზიტული ქვეყანის მნიშვნელობა რეგიონში. ჩვენ წარმოვადგენთ ევროკავშირის ერთ-ერთ ძირითად ალტერნატივას, რუსეთის გვერდის ავლით, გაზის მიღების საკითხში", - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა.
საქართველოსა და რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრებს შორის თანამშრომლობის შესახებ ურთერთშეთანხმების ოქმი 2009 წლის ოქტომბერში გაფორმდა. მსგავსი სახის ოქმი რუმინეთის მხარემ აზრებაიჯანთან მიმდინარე წლის დასაწყისში გააფორმა. ოქმით ერთობლივი ჯგუფის შექმნა იყო გათვალისწინებული, რომელიც მემორანდუმს ხელმოსაწერად მოამზადებდა.