თურქული გაზეთი ,,ჯუმჰურიეთის" რედაქციებს ანკარასა და სტამბულში პოლიციელები დარაჯობენ.
როგორც თურქი სამართალდამცავები იუწყებიან, უსაფრთხოების ზომების მიღება გაზეთის მიერ ,,Charlie Hebdo"-ს ფურცლებიდან კარიკატურების გადაბეჭდვით არის გამოწვეული და რედაქციებს ექსტრემისტების შესაძლო აგრესიისგან იცავენ.
ოფისების შესასვლელებთან ამჟამად პოლიციის დამატებითი ქვედანაყოფები და სპეცრაზმელები მორიგეობენ.
გაზეთ ,,ჯუმჰურიეტის" ახალ ნომერში რედაქციამ თურქულ ენაზე თარგმნილი ,,Charlie Hebdo"-ს რამდენიმე ფურცელი გადაბეჭდა, რომლებიც რელიგიის შეურაცხმყოფელი შინაარსის კარიკატურებს არ შეიცავს.
თავიდან ასეთი კარიკატურების გადაბეჭდვაც იგეგმებოდა, მაგრამ შემდეგ საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით, გაზეთის რედაქტორმა მათი გამოქვეყნებისგან თავი შეიკავა.
მიუხედავად ამისა, წუხელ გვიან ღამით, პოლიციამ გაზეთ ,,ჯუმჰურიეტის" ტირაჟით დატვირთული მანქანები გააჩერა, ახალი ნომერი გულდაგულ შეამოწმა და მხოლოდ ამის შემდეგ დართო ნება, გაზეთები დანიშნულების ადგილას მიეტანათ.
,,ჯუმჰურიეტის" ჟურნალისტის ორჰან ბურსალის თქმით, ,,Charlie Hebdo"- დან ნაწყვეტების მათ გაზეთში გამოქვეყნება, ეს არის მათი მხრიდან სიტყვის თავისუფლების მიმართ სოლიდარობის გამოხატვა.
წუხელ მომხდარის გამო, რედაქციის თანამშრომლებმა ღია წერილით მიმართეს თურქეთის მთავრობას და ჰკითხეს, ჰქონდათ თუ არა რედაქციის მანქანების დაკავებისთვის საჭირო სანქცია სამართალდამცავებს, ხომ არ იყოს ეს მათი მხრიდან პრესაზე ზეწოლის მცდელობა და აღნიშნული ფაქტი ხომ არ არღვევს თურქეთის კონსტიტუციას?
მასალის გამოყენების პირობები