14 იანვარი ქართული თეატრის დღეა. პროფესიული დღესასწაულის აღნიშვნა 1850 წლის 14 იანვარს, გიორგი ერისთავის მიერ დადგმულ სპექტაკლ - „გაყრას" უკავშირდება.
2015 წელს ქართული პროფესიული თეატრის აღდგენიდან - 165, მესხეთის (ახალციხის) დრამატული თეატრის დაარსებიდან კი 140 წლისთავი სრულდება. ამ მნიშვნელოვან თარიღებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო 14 იანვარს - ქართული თეატრის დღეს მესხეთის (ახალციხის) პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში მასშტაბური საიუბილეო ღონისძიებებით აღნიშნავს.
14 იანვარს, 15:30 საათზე, თეატრის, მუსიკის კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმის ორგანიზებით, მესხეთის (ახალციხის) თეატრის ფოიეში მოეწყობა გამოფენა ,,ქართული კერა მესხეთში." ექსპოზიცია ქართული პროფესიული თეატრის ყველა ღირსშესანიშნავ მოვლენასა და მესხეთის (ახალციხის) თეატრის ისტორიას ასახავს.
ღონისძიებების დასკვნითი ნაწილი წარმოდგენილი იქნება საზეიმო საღამოს სახით - შედგება ვიდეორგოლის (რეჟისორი ბასა ფოცხიშვილი) პრეზენტაცია, რომელშიც ქართული პროფესიული თეატრის უახლოესი პერიოდის წარმატებები და მიღწევებია ასახული. საქართველოს თეატრების ცნობილი მსახიობები გაითამაშებენ ნაწყვეტებს სხვადასხვა სპექტაკლებიდან. საზეიმო ვითარებაში სამინისტროს მიერ საპატიო სიგელებით დაჯილდოვდებიან მესხეთის (ახალციხის) დრამატული თეატრის დამსახურებული მსახიობები, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით მესხეთის (ახალციხის) პროფესიული სახელმწიფო თეატრის ჩამოყალიბებაში.
საზეიმო საღამოს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, მთავრობის სხვა წევრები და თეატრის მოღვაწეები დაესწრებიან.
საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, 13 იანვარს, მესხეთის (ახალციხის) თეატრში თბილისის ნ. დუმბაძის სახ. მოზარდ მაყურებელთა თეატრმა წარმოადგინა სპექტაკლი ,,ჩვენ გველის დიდება" (რეჟისორი მანანა ბერიკაშვილი.) სპექტაკლი საქველმოქმედო იყო; - გაყიდული ბილეთებიდან მიღებული თანხა სრულად მოხმარდება მესხეთის (ახალციხის )თეატრს.
მისამართი: ახალციხე, თამარ მეფის ქუჩა N 6