დღეს, 28 ოქტომბერს, დღის 14:00 საათზე, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დალი ხომერიკი მონაწილეობას მიიღებენ თბილისის ზღვაზე (ყოფილ კადეტთა კორპუსში) მდებარე აფხაზეთის მე-3 საჯარო სკოლის ეკოაქციაში, "მშვიდობის ნერგები".
სტუმრები და მოსწავლეები თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე დარგავენ საგანგებოდ შერჩეულ 50 ნერგს, რომლებიც სკოლას საჩუქრად გადასცა აფხაზეთის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტმა.
ეს აქცია საფუძველს ჩაუყრის აფხაზეთის მე-3 საჯარო სკოლის ბაზაზე ეკოლოგიური განათლების ცენტრის შექმნას, რომელიც მზრუნველობას გაუწევს ახალ ნერგებს და განახორციელებს ეკო პროექტებს სხვადასხვა სკოლებთან პარტნიორობით. ამ მიზნით აქციაზე მოწვეული არიან თბილისში გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის ეკოკლუბის მოსწავლეები.
ეკოლოგიური განათლება აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სამშვიდობო განათლების სტრატეგიის ნაწილია. აქციაზე მოსწავლეებს დაურიგდებათ საინფორმაციო ბუკლეტები ეკოაქციისა და თბილისის ზღვის მნიშვნელობის შესახებ, ასევე გარემოს დაცვისა და ბუნებასთან ჰარმონიული თანაცხოვრების პრინციპებზე. ღონისძიების ბოლოს, საგანგებოდ მომზადებულ ბარათებზე მონაწილეებსა და სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დაწერონ "მწვანე სურვილები", რომლებიც სამახსოვროდ გადაეცემა აფხაზეთის მე-3 საჯარო სკოლის ახლად შექმნილ მოსწავლეთა ეკოლოგიური განათლების ცენტრს.