საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი და თბილისის ვიცე მერი მამუკა ახვლედიანი დღეს დიდგორის რაიონში, კერძოდ კოჯორში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდნენ. დევნილებმა რამდენიმე თვის წინ მინისტრს თხოვნით მიმართეს, რომ აღნიშნული ობიექტი მათთვის საკუთრებაში გადაეცათ. დღეს მინისტრი დევნილებს პირადად ესტუმრა და დაუდასტურა ინფორმაცია, რომ ეს შენობა მათი კუთვნილება იქნება. ამას გარდა საცხოვრებელი ობიექტი მთლიანად გადაიხურება, დამონტაჟდება ელექტროენერგიის ინდივიდუალური მრიცხველები და შესაძლებლობის მიხედვით, დევნილებს ფართების კეთილმოწყობაშიც დაეხმარებიან. დევნილები აღნიშნულ ობიექტში 17 წელია ცხოვრობენ.
"პრეზიდენტის განკარგულებით ვაგრძელებთ დევნილებისთვის ფართების საკუთრებაში გადაცემას. კოჯრის დასახლებაში 100 დევნილი ოჯახი ცხოვრობს და ეს ფართი მათი იქნება. დაკანონების პროცესი დაწყებულია და მაქსიმუმ თვენახევარში დასრულდება. დევნილები აფხაზეთში დაბრუნებამდე ღირსეულ საცხოვრებელ პირობებში იცხოვრებენ. მათ არ ექნებათ შიში, რომ ვიღაც მოვა და შენობას გამოისყიდის. დევნილები აქ უშიშრად იცხოვრებენ", _ განაცხადა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანმა.
დევნილმა მოსახლეობამ მინისტრთან საუბრისას აღნიშნა, რომ მათ მადლობის მეტი არაფერი ეთქმით.