ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ "ივერიის" პროზა-პოეზიის პრემია "ივერიის" დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალზე ჯანსუღ ჩარკვიანი პოეზიის მეფედ აღიარეს _ ხუთკაციანმა ჟიურიმ გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო. პრემია სულ 12 ნომინაციაში გაიცა.
პროექტი 2013 წლის 28 ნოემბერს დაიწყო და თვეში ერთხელ _ თვის ბოლოს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იმართებოდა. მთელი წლის განმავლობაში, პროექტში მონაწილეობა 96-მა პოეტმა, 12-მა მხატვარმა, 12-მა ხატმწერმა და 12-მა ფოტოხელოვანმა მიიღო. აღსანიშნავია, რომ პროექტში ე.წ. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებიც მონაწილეობდნენ. ნომინაციაში _ "წლის პროზა" სწორედ შშმ პირმა, მაკა ნათელაურმა გაიმარჯვა, რითიც კიდევ ერთხელ დაინგრა სტიგმა, რომ შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანები არ არსებობენ.
"პროექტის კომპეტენტური ჟიურის ვინაობა ბოლო დღემდე გასაიდუმლოებული იყო. ამასთან, ჟიურის წევრებმა არ იცოდნენ პროზა-პოეზიის ავტორთა ვინაობა _ მასალები დანომრილი იყო", _ ამბობს პროექტის ორგანიზატორი, საგამომცემლო სახლ "ქართული ელიტის" დამფუძნებელი ნუგზარ-პეტრე ჭიაბერაშვილი.
პროექტის ჟიურის წევრები იყვნენ: პროფესორი, ლიტერატურის კრიტიკოსი ნათელა ჯანტიშვილი, ჟურნალისტი, გაზეთ „ქართული სიტყვის" მთავარი რედაქტორის მოადგილე ვანო პავლიაშვილი, მსახიობი ნანა ხურითი და რეჟისორი ლაშა გოგნიაშვილი.
ნომინაციაში გამარჯვებულებს წმინდა ილია მართლის სახელობის ორდენები გადაეცათ.
"ღონისძიება მომავალ წელსაც გაგრძელდება, თუმცა სქემა შეიცვლება _ ყველა ღონისძიება ჩატარდება სხვადასხვა ქალაქსა და ისეთ ადგილზე, სადაც ძალიან იშვიათად ჩადიან ადამიანები, მაგალითად, საინგილოში - ისტორიულ ჰერეთში", _ ამბობს პროექტის დამფუძნებელი.
აღსანიშნავია, რომ პროექტი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ხორციელდება.
მასალის გამოყენების პირობები