სრულად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს, ათი ქართული გვარი და 17 სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები დალოცა.
ამასთან, პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას ადამიანების ურთიერთობებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ რწმენის გარეშე ადამიანი ველური და მხეცი ხდება.
"შემთხვევითი არ არის, რაც ძველმა რომაელებმა თქვეს: "ადამიანი ადამიანისთვის მგელია". მგელი კი არ უნდა იყოს ადამიანი, არამედ უნდა გაუფრთხილდეს სხვა ადამიანს და მისი ტვირთი იტვირთოს. ეს არის ნამდვილი რწმენა. ჩვენ უნდა ვეცადოთ, მოყვასი მტრად კი არ ვაქციოთ, არამედ, მტერი ვაქციოთ მოყვასად. უფალი ადამიანს სასუფეველს შრომის გარეშე არ აძლევს", - განაცხადა პატრიარქმა.
მისივე თქმით, საჭიროა სულიერი და ფიზიკური შრომა, სიკეთის კეთება, სხვა ადამიანების გაჭირვების გაზიარება.
"ჩვენ დავკარგეთ ადამიანების სიყვარული, ადამიანებისადმი თანაგრძნობა, მაგრამ ვფიქრობ, გამოუსწორებლები არ ვართ. აუცილებლად გამოვსწორდებით და საქმე და რწმენა იქნება ურთიერთ თანმხვედრი", - აღნიშნა ილია მეორემ.