ავიაკატასტროფის დროს ტრაგიკულად დაღუპულ პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის და მისი თანმხლები პირების ხსოვნას პატივს ქართველი ხალხი პოლონეთის საელჩოსთანაც მიაგებს.
მთელი დღის განმავლობაში უბრალო მოქალაქეებს თბილისში, პოლონეთის საელჩოს შენობასთან ყვავილები მიაქვთ.
"ქართველმა ხალხმა მომხდარი ტრაგედია გულთან ძალიან ახლოს მიიტანა, რისთვისაც მადლობას გიხდით. მთელი დღის განმავლობაში საელჩოში სამძიმრის წერილები და ზარები არ წყდება", - განაცხადა პოლონეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანი ელჩის საქართველოში ურშულა დოროშევსკამ.
შეგახსენებთ, რომ პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავმა, რომელშიც, ბოლო მონაცემებით, 93 ადამიანი იმყოფებოდა, კატასტროფა 10 აპრილს, სმოლენსკთან განიცადა. ყველა მგზავრი დაიღუპა.
ლეხ კაჩინსკი სმოლენსკში კატინის მოვლენების 70 წლისთვისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე დასასწრებად მიდიოდა. კატინის ტრაგედიის დროს წითელმა არმიამ ათასობით პოლონელი დახვრიტა.