სამართალმცოდნე ლია მუხაშავრია აცხადებს, რომ ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად, შესაძლოა, საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კვლავ სახელმწიფოს სათავეში დარჩეს.
როგორც მუხაშავრიამ "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობს, დიდი ალბათობაა, რომ ცვლილებების პროექტი მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ შეიმუშაოს.
მუხაშავრიას თქმით, თუ საკონსტიტუციო კომისიამ შეიმუშავა ცვლილებების პროექტი, რომელიც საქართველოს საპარლამენტო მმართველობის მოდელზე გადაიყვანს, მიხეილ სააკაშვილს აქვს შესაძლებლობა, გახდეს პრემიერ-მინისტრი და პრემიერის გაძლიერებული ძალაუფლება ხელში აიღოს.
"ჯერჯერობით სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე მუშაობს, არ შეუმუშავებია ცვლილებების პროექტი, მაგრამ თუ კომისიამ მიიღო ცვლილებები, რომლის საფუძველზედაც ქვეყანა საპარლამენტო მმართველობის მოდელზე გადავა, ძალაუფლება შეეზღუდება პრეზიდენტს და მეტი ძალაუფლება გადაეცემა პრემიერს, შესაბამისად, დიდი შესაძლებლობაა, სააკაშვილი კვლავ ქვეყნის მმართველად მოგვევლინოს", _ განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" მუხაშავრიამ.