საქართველო-ევროკავშირის სავიზო დიალოგის ფარგლებში, თბილისს ეწვია ევროკავშირის ექსპერტთა შემფასებელი მისია.
საგარეო უწყების ცნობით, ვიზიტის მიზანია სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლიმენტაციის მეორე ფაზაში პირველი ბლოკით (დოკუმენტების უსაფრთხოება) გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის შეფასება.
აღსანიშნავია, რომ მეორე ფაზის იმპლემენტაციის პროცესში ეს არის ევროკავშირის ექსპერტების პირველი მისია საქართველოში. 2015 წლის დასაწყისში საქართველო უმასპინძლებს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მე-2, მე-3 და მე-4 ბლოკების შემფასებელ მისიებს.
ექსპერტთა შეხვედრები ძირითადად მიმდინარეობდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში სხვა კომპეტენტური უწყებების მონაწილეობით. მისიის ფარგლებში, განხილული იქნა დოკუმენტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული პრაქტიკული ღონისძიებები.
ვიზიტის ბოლოს 12 დეკემბერს დასკვნითი შეხვედრა გაიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროში, რომლის ფარგლებშიც ექსპერტებმა ქართულ მხარეს გაუზიარეს პირველადი მოსაზრებები მისიის შედეგების შესახებ. აღსანიშნავია, რომ ექსპერტთა წინასწარი დასკვნების თანახმად, ქართული მხარის მიერ მიღწეული პროგრესი განხორციელებული ღონისძიებების კუთხით დადებითად შეფასდა.
საგარეო უწყების ინფორმაციით, ქართული მხარის მიერ მიწოდებული ინფორმაციისა და ექსპერტთა დასკვნების საფუძველზე ევროკომისია შეიმუშავებს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) იმპლემენტაციის პროცესში საქართველოს პროგრესის ამსახველ ანგარიშს.
ქართული მხარის მოლოდინია, რომ ანგარიშში დადებითად შეფასდება საქართველოს მთავრობის ძალისხმევები, რაც ხელს შეუწყობს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულებას.
2014 წლის 29 ოქტომბერს ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშისა და ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს 17 ნოემბერის გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველო ფორმალურად გადავიდა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის მეორე დასკვნით ფაზაზე.