სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა საბჭოს აპარატის ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა უკვე გამართა და გასცა პირველი დავალებები. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის ინფორმაციით, დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირებისა და რეორგანიზაციის საკითხებთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანს, დავით სუჯაშვილს დაავალა სამუშაო ჯგუფის შექმნა.
"სამუშაო ჯგუფი იმუშავებს მართლწესრიგისა და უსაფრთხოების სფეროების გამიჯვნის საკითხზე. სამუშაო პროცესში ჩართული იქნებიან საპარლამენტო ხელისუფლების, მთავრობის, პარტნიორი ქვეყნების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, განხორციელდება შესაბამისი შეფასებითი სამუშაოები და მაქსიმალურად მოხდება ყველა რისკის გათვლა. პროცესი გამჭვირვალედ წარიმართება",- სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატი.