საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა თურქეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან რეჯეფ თაიპ ერდოღანთან.
შეხვედრაზე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ ურთიერთობაზე და მისი შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობაზე. მხარეები მიესალმნენ ქვეყნებს შორის უმაღლესი სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს შექმნას, რომლის პირველი სხდომაც მომავალი წლის პირველ ნახევარში გაიმართება და მას თურქეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრები უხელმძღვანელბენ.
საუბარი შეეხო რეგიონული მასშტაბის ენერგეტიკულ პროექტებს, აღინიშნა, როგორც მათი წარმატებით გაგრძელების, ასევე ამ მიმართულებით დამატებითი პოტენციალის მოძიების მნიშვნელობა. როგორც მხარეებმა აღნიშნეს ერთობლივი ეკონომიკური-ენერგეტიკული პროექტები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ორი ქვეყნის ურთიერთობისთვის, არამედ რეგიონის განვითარებისთვის.
თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მხრიდან აღინიშნა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა. ისევე როგორც თურქეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით.
შეგახსენებთ საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი თამარ ბერუჩაშვილი თურქეთს ოფიციალური ვიზიტით 9 დეკემბერს ეწვია.