9-10 აპრილი ყირგიზეთში გლოვის დღეებად გამოცხადდა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ჟურნალისტებს ყირგიზეთის ეროვნული თანხმობის დროებითი მთავრობის ხელმძღვანელმა როზა ოტუნბაევმა აცნობა.
მისი თქმით, ბიშკეკში 6-7 აპრილის აქციების დროს დაღუპული მომიტინგეების ხსოვნის საპატივის მისაგებად ქვეყანაში 9-10 აპრილი გლოვის დღეებად გამოცხადდა.
"9 და 10 აპრილს სახელმწიფო დროშები დაეშვება და მთელ რესპუბლიკაში სამგლოვიარო ღონისძიებები გაიმართება", - აღნიშნა მან.
ამასთან, დროებითი მთავრობის ხელმძღვანელის ინფორმაციით, დაღუპულების ოჯახებს ფულადი კომპენსაციის სახით 1 მილიონი სომი გადაეცემა.
შეგახსენებთ, რომ ყირგიზეთის დედაქალაქში შიდა არეულობის შედეგად 75 კაცი დაიღუპა და 1000-ზე მეტი დაშავდა. ქვეყანას ამ დროისთვის ეროვნული თანხმობის დროებითი მთავრობა მართავს, რომელსაც საგარეო საქმეთა ექს-მინისტრი როზა ოტუნბაევა ხელმძღვანელობს.