5 დეკემბერს, 11:00 საათზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართება შემაჯამებელი პრესკონფერენცია მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრის აშშ-ში, მოლდოვასა და თურქეთში საგასტროლო ტურნეს შესახებ. ღონისძიებას კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, მუსიკისა და დრამის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით დოიაშვილი და თეატრის საზღვარგარეთთან ურთიერთობის მენეჯერი მურმან კარტოზია წარუძღვებიან.
საღმოს, 19.00-ზე ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრი წარმოადგენს სპექტაკლს „აკრძალული თამაშები", რომელიც ჩატარდება შსს-ს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გამართული აქციის - „არა ძალადობას!" ფარგლებში. სპექტაკლის შემდეგ, ტრადიციულად, გაიმართება დისკუსია მაყურებელთან ძალადობის თემაზე.
2014 წელს საქართველოში ქართველთა და ებრაელთა 26-საუკუნოვანი მეგობრობა აღინიშნა. ამ თარიღს მიეძღვნა უამრავი კულტურული ღონისძიება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. სწორედ მათ რიცხვშია თბილისის მუსიკისა და დრამის თეატრის სპექტაკლის - „აკრძალული თამაშების" საგასტროლო ტურნე აშშ-ში, სადაც თეატრი ამერკის შეერთებული შტატების ებრაელთა სათვისტომოს მიერ იქნა მიწვეული .
წარმოდგენა აშშ-ში ორჯერ გაიმართა - 16 ნოემბერს - ფილადელფიაში - Klein Jewish Community Center და 22 ნოემბერს - ნიუ იორკში - Manhattan Jewish Community Center. „აკრძალლულმა თამაშებმა" ამერიკელი მაყურებლის უდიდესი მოწონება დაიმსახურა.
ამერიკული ტურნეს შემდეგ თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრის დასი „აკრძალული თამაშებით" კიშინიოვში (მოლდოვა) გაემგზავრა, სადაც საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის „MoldovaFest.ru"-ს ფარგლებში იყო მიწვეული. „აკრძალული თამაშები" ფესტივალის საუკეთესო სპექტაკლად დასახელდა.
28 ნოემბერს თეატრი გამგზავრა ანკარის საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად, სადაც წარმოადგინა კოტე ფურცელაძის ქორეოდრამა „კარმენი" და დიდი მოწონება დაიმსახურა. ამ სპექტაკლმა წარმატებით მოიარა სხვადასხვა ქვეყნის თეატრები. წარმოდგენილი იყო ლიტვის პრეზიდენტის სასახლეში და მას 2000 მაყურებელი დაესწრო. 2-19 თებერვალს დასი გაემგზავრება ავსტრალიაში, სადაც "Fringe World Festival"-ზე მუსიკისა და დრამის თეატრი იქნება პირველი ქართული თეატრი, რომელიც 9 სპექტაკლით წარსდგება.