მოძრაობა "სამართლიანის საქართველოსთვის" აჭარის ორგანიზაცია ბათუმის ცალკეული უბნებისათვის ოქტომბრის ბოლოს დაგეგმილ წყლის მიწოდების შეწყვეტას აპროტესტებს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს ბათუმში პრესკონფერენცია გამართეს მოძრაობის წარმომადგენლებმა გურამ ხოზრევანიძემ, ლია კირჩხელმა, მზია დიასამიძემ და გია სიხარულიძემ.
სამართლიანი საქართველოსთვის წევრები კატეგორიულად მოითხოვენ, არ დაუშვას ხელისუფლებამ მოსახლეობისათვის წყლის მიწოდების შეწყვეტა.
"მაშინ, როდესაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სოციალურად დაუცველია, ზემოთ დასახელებული პრობლემების მოსაგვარებლად ქალაქის ბიუჯეტში არცერთი თეთრი არ არის გათვალისწინებული. როგორც "ბათუმის წყლის" ხელმძღვანელობა აცხადებს, მოსახლეობის დავალიანება შეადგენს 3 მილიონ ლარს. M ბათუმის ყინულის სასახლის მხოლოდ ერთი წლით შენახვა ბათუმის მოსახლეობას 435 ათასი ლარი უჯდება. Eეს მოსახლეობის წყლის დავალიანების 15 პროცენტია. Eე.წ. ოპერის შენობის მხოლოდ საპროექტო სამუშაოები ბათუმის მოსახლეობას 1,1 მილიონი ევრო უჯდება.. ბათუმის ბიუჯეტით ოპერის თეატრის საპროექტო სამუშაოები რომ არ ჩაგვეტარებინა და ყინულის სასახლე ერთი წლით არ შეგვენახა, დაზოგილი ფული უფრო მეტი იქნებოდა, ვიდრე წყლის დავალიანება. ჰკითხეს ბათუმის საკრებულოს წევრებმა თავისივე ამომრჩეველს, თუ რა ერჩივნათ? წყლის პრობლემების მოგვარება, თუ ოპერის თეატრის შენობის საპროექტო სამუშაოები და ყინულის სასახლის შენახვა?" _ აცხადებენ მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" აჭარის ორგანიზაციის წევრები.
მოძრაობის წევრებისათვის გაუგებარია, თუ რა პრინციპით შეირჩა ის უბნები, რომლებსაც ოქტომბრის ბოლოს წყლის მიწოდება უნდა შეუწყდეს.
"თუ მოსახლეობას "ბათუმის წყლის" მიმართ დავალიანება გააჩნია, ეს დავალიანება ბათუმის ყველა უბანს დაახლოებით ერთნაირად აქვს. ამდენად, გაუგებარია, რატომ იყოფა მოსახლეობა ელიტურ და არაელიტურ უბნებში მაცხოვრებლებად", _ აცხადებენ მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" აჭარის ორგანიზაციის წარმომადგენლები.