საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის, მიხეილ გიორგაძის ინიციატივით გრძელდება შეხვედრები სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი დაწესებულებების წარმომადგენლებთან.
2 დეკემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი თბილისის ჰეიდარ ალიევის სახელობის სახელმწიფო აზერბაიჯანულ დრამატულ თეატრს ეწვია. მიხეილ გიორგაძე თეატრის ადმინისტრაციას, აგრეთვე შემოქმედებით დასს შეხვდა და აზერბაიჯანული თეატრის პრობლემებს ადგილზე გაეცნო.
თბილისის ჰეიდარ ალიევის სახელობის სახელმწიფო აზერბაიჯანული დრამატული თეატრის შენობა ავარიულია და რეაბილიტაციას საჭიროებს. ამ მიზეზის გამო, თეატრში შემოქმედებითი პროცესი შეფერხებით მიმდინარეობს, - დასი სპექტაკლებს ძირითადად, სხვა თეატრებში მართავს.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის, მიხეილ გიორგაძის თქმით, მსგავსი პრობლემების მოგვარების მიზნით იქმნება უწყებათაშორისი კომისია, რომელიც შეისწავლის და შეაფასებს სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ორგანიზაციების შენობა-ნაგებობების მდგომარეობას და საკითხის გადასაწყვეტად კონკრეტულ გეგმას შეიმუშავებს.
მასალის გამოყენების პირობები