ხვალ, 3 დეკემბერს, 19.00 საათზე, კონსერვატორიის დიდ დარბაზში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი რ. ლეონკავალოს ოპერა „ჯამბაზებით" წარსდგება.
ოპერა „ჯამბაზები" რუჯერო ლეონკავალომ კატულ მენდესის პიესის „ტაბარენელი ქალი" მიხედვით შექმნა. „ჯამბაზები"-ს მსოფლიო პრემიერა 1892 წლის 21 მაისს, მილანში „ტეატრო დალ ვერმეში" არტურო ტოსკანინის დირიჟორობით შედგა. ამ ოპერის ტრიუმფმა ლეონკავალო ცნობილ პიროვნებად აქცია.
წლევანდელ სპექტაკლ-კონცერტში მთავარ პარტიებს შეასრულებენ თბილისის ოპერის თეატრის წამყვანი სოლისტები: თემურ გუგუშვილი, ირინა თაბორიძე, სულხან გველესიანი, ზაალ ხელაია, გია მახარაძე. ოპერის თეატრის გუნდს და ორკესტრს პაპუნა ღვაბერიძე უდირიჟორებს.