თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში სამხატვრო საბჭოს არჩევნები დასრულდა. ამ არჩევნებს თეატრის დასის წევრები აფასებენ როგორც ერთ-ერთ ყველაზე დემოკრატიულს თეატრის ისტორიაში.
ძველი სამხატვრო საბჭოს გადარჩევის საკითხი ამავე საბჭოს 10-მა წევრმა (სულ სამხატვრო საბჭოში 17 წევრი იყო) დააყენა სამხატვრო საბჭოს მორიგ კრებაზე. მათ მიიჩნიეს, რომ სამხატვრო საბჭოს ფუნქციები და მოვალეობები არ გააჩნდა და ვერც თავიანთ როლს ხედავდნენ საბჭოში. სწორედ მათი მოთხოვნის საფუძველზე ჩატარდა თეატრის შემოქმედებითი დასის საერთო კრება, სადაც თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო საბჭოს სტრუქტურულ ცვლილებებს ეყარა კენჭი. ამ ცვლილებებს დასის 143-მა წევრმა დაუჭირა მხარი 53-ის წინააღმდეგ. სამხატვრო საბჭოს ფუნქცია და უფლებამოსილების ფარგლები განისაზღვრა შემდეგნაირად: „სამხატვრო საბჭოს დანიშნულებასა და ფუნქციას წარმოადგენს თეატრის საერთო საქმიანობის ხელშეწყობა, სამხატვრო ხელმძღვანელისთვის კონსულტაციის გაწევა, როგორც შემოქმედებით, ისე ადმინისტრაციულ და საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, შემოქმედებითი დასის წევრთა საქმიანობის შეფასება და საჭიროების შემთხვევაში წერილობითი დასკვნის მომზადება, თეატრის საერთო პოლიტიკის, განვითარებისა და სტრატეგიის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა." ეს ფორმულირება მისაღები აღმოჩნდა შემოქმედებითი დასისათვის.
შემოქმედებითი დასის საერთო კრებაზე კენჭი ეყარა ასევე სამხატვრო საბჭოს ახალ სტრუქტურულ მოდელს, რაც გულისხმობს მის შემადგენლობაში შემოქმედებითი კოლექტივის ყველა რგოლიდან ორი წარმომადგენლის შესვლას, საიდანაც ერთი წარმომადგენელი იქნება კონკრეტული რგოლის ხელმძღვანელი ან შესაბამისი დამსახურების მქონე პირი, ხოლო მეორე წევრი აირჩევა დასის მიერ. ამ ახალ მოდელს დასის 186-მა წევრმა 0-ს წინააღმდეგ დაუჭირა მხარი.
თეატრის შემოქმედებითი დასის საერთო კრების მიერ დამტკიცდა თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო საბჭოს ახალი შემადგენლობა, რომელშიც შევიდნენ:
1.ლალი პოლიტკოვსკაია (ვიოლონჩელოების ჯგუფის კონცერტმეისტერი)
2.კახი სოლომნიშვილი (ოპერის ორკესტრის დირექტორი)
3.ნინო ანანიაშვილი (საბალეტო დასის სამხატვრო ხელმღვანელი)
4.ნინო მახაშვილი (ბალეტის კორიფე)
5.თეიმურაზ გუგუშვილი (დამსახურებული სოლისტი, საქართველოს სახალხო არტისტი)
6.კახაბერ თეთვაძე (ოპერის სოლისტი)
7.ზაზა აზმაიფარაშვილი (თეატრის საპატიო დირიჟორი)
8.რევაზ ტაკიძე (სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე)
9.ავთანდილ ჩხენკელი (გუნდის მთავარი ქორმაისტერი)
10.თეიმურაზ ახობაძე (გუნდის დირექტორი)
11.დავით კინწურაშვილი (ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი)
თეატრის დასის თქმით, ახალი სამხატვრო საბჭოს არჩევა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის კიდევ ერთ მნიშვნელოვან მიღწევას წარმოადგენს.
ამჟამად თეატრის შემოქმედებითი კოლექტივი ახალი სპექტაკლებისა და კონცერტებისათვის ემზადება.
მასალის გამოყენების პირობები