ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებას მე-8 საპყრობილეში მომხდარი ინციდენტის დაუყოვნებლივ გამოძიებისა და დამნაშავეთა დასჯისკენ მოუწოდებს. "ამნესტი ინტერნეიშენალის" განცხადებით, ომბუდსმენის მიერ ციხეში გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება უკვე დაიწყო, თუმცა საქმე არა ადამიანის წამებისა და სატიკად მოპყრობის, არამედ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადაჭარბების მუხლით აღიძრა, მაშინ, როდესაც გაეროს კონვენცია მსგავს შემთხვევებზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრას სწორედ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მუხლით ითვალისწინებს. საუბარია მე-8 საპყრობილის ორ პატიმარზე, რომლებიც სახალხო დამცველმა ციხის დათვალიერებისას საშხაპეში ხელ-ფეხ-შეკრული იპოვა. პატიმრებს სახესა და სხეულზე ფიზიკური ზემოქმედების კვალი აღენიშნებოდათ.
მასალის გამოყენების პირობები