1-7 დეკემბერს „თბილისის მე-15 საერთშორისო კინოფესტივალი" გაიმართება. ფესტივალი 1 დეკემბერს საზეიმოდ გაიხსნება კინოთეატრ ამირანში მოჰსენ მახმალბაფის ფილმით „პრეზიდენტი". ნაწარმოებში მთავარ როლებს 5 წლის ქართველი ახალბედა მსახიობი დაჩი ორველაშვილი და ქართული კინოს ვარსკვლავები - მიშა გომიაშვილი და ია სუხიტაშვილი ასრულებენ.
ფესტივალის დეტალებზე დღეს „პაშა ბანკში" გამართულ პრესკონფერენციაზე ორგანიზატორებმა და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის დირექტორმა, ზურაბ წერეთელმა ისაუბრეს. ზურაბ წერეთლის განცხადებით, თბილისის მერია ფესტივალს დაარსებიდან დღემდე აფინანსებს და ფინანსურ მხარდაჭერას მომავალშიც გაუწევს. ფესტივალზე სპეციალური ჟიური საუკეთესო ფილმს, რეჟისორს და მსახიობს გამოავლენს.
ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია აგრეთვე მასტრეკლასები, რომლებსაც სპეციალურად მოწვეული უცხოელი კინომცოდნეები სტუდენტებისთვის, კინომოყვარულებისა და დაინტერესებული პირებისთვის ჩაატარებენ.
„თბილისის მე-15 საერთშორისო კინოფესტივალს" უმბერტო პაზოლინის ფილმი „წყნარი ცხოვრება" დახურავს.