დევნილი მოსახლეობისთვის საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის პროცესი გრძელდება. ამჯერად, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი ისანში კაიშაურის #3-ში, ყოფილი მე-17 საბავშვო ბაღის შენობაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა. დევნილები 16 წელია აღნიშნულ შენობაში ცხოვრობენ. მათი მთავარი პრობლემა, რომლითაც სამინისტროს ერთი თვის წინ მიმართეს აღნიშნული ფართების საკუთრებაში გადაცემა იყო.
მამუკა გვაძაბია, აფხაზეთიდან დევნილი: "ჩვენი მთავარი პრობლემა პრეზიდენტის 62-ე განკარგულების აღსრულება იყო, რომელიც დევნილებისთვის ფართების საკუთრებაში გადაცემას ითვალისწინებს. აღნიშნული თხოვნით 1 თვის წინ ბატონ კობა სუბელიანს მივმართეთ. მინისტრმა ჩვენი თხოვნა გაითვალისწინა, აგერ მობრძანდა კიდეც და გვითხრა, რომ აღნიშნული ფართი საკუთრებაში გადმოგვეცემა. საკუთრების შემდეგ თავი ქუდში გვექნება. ჩვენ უკმაყოფილო ხალხი არ ვართ და სიკეთის დანახვა შეგვიძლია."
კობა სუბელიანმა დევნილებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ფართის საკუთრებაში გადაცემის პრობლემა მოხსნილია და დაკანონების პროცესი მაქსიმუმ ორ თვეში დასრულდება. მათ ელექტროენერგიის ინდივიდუალური მრიცხველებიც დაუმონტაჟდებათ, შენობის გადახურვა კი ორ დღეში დაიწყება.
"ამ ობიექტში აფხაზეთიდან დევნილი 11 ოჯაახი ცხოვრობს. ის, პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე დევნილების საკუთრება გახდება. შენობას გადავხურავთ, ობიექტი ინდივიდუალურად გამრიცხველიანდება, რაც უშუქობის პრობლემას აღმოფხვრის და ერთხელ და სამუდამოდ, აფხაზეთში დაბრუნებამდე ნორმალურ პირობებში იცხოვრებენ", _ განაცხადა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანმა.
ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით რეაბილიტირებული და დაკანონებულია დევნილთა 400 ობიექტი და აღნიშნული პროცესი 500-მდე ობიექტში გრძელდება