21 ნოემბერს, 18:00 საათზე, ევროპის მემკვიდრეობის დღეები საქართველოში გამოფენით „ქართული მოდერნისტული არქიტექტურა 1955-1990" გაიხსნება. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი დაესწრება.
ევროპის მემკვიდრეობის დღეები საქართველოში 21-23 ნოემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით აღინიშნება.
გამოფენა "ექსპო-ჯორჯიას" მე-5 პავილიონში, ქართული მოდერნისტული არქიტექტურის შესახებ მოეწყობა. ექსპოზიციაზე დამთვალიერებელი ნახავს 2012 -2013 წლებში საერთშორისო გამოფენებზე, ვენასა და სტამბულში წარმოდგენილ ნამუშევრებს. გამოფენის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ფილმის ჩვენება, ექსკურსია და დისკუსია.
ევროპის მემკვიდრეობის დღეები წარმოადგენს ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის ერთობლივ ინიციატივას და მოიცავს ვროპის კულტურის კონვენციის ხელმომწერ 50 ქვეყანას. ამ ინიციატივის მიზანია ხელი შეუწყოს საერთო ევროპული ღირებულებებისა და მემკვიდრეობის შემეცნებას და პოპულარიზაციას. ყოველწლიური ღონისძიებები, რომლებიც იმართება ქვეყნებში, ემსახურება არქიტექტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობის წახალისებას და მემკვიდრეობის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას. ყოველწლიურად ქვეყნების მიერ ხდება სხვადასხვა თემების შერჩევა, ხშირად ჯგუფურადაც. ამასთან, თითოეული თემა უნდა ეხმიანებოდეს საერთო ევროპული მემკვიდრეობის იდეას.
საქართველოს ინიციატივით 2014 წელს ევროპული მემკვიდრეობის დღეები ეძღვნება მე-20 საუკუნის მოდერნისტულ მემკვიდრეობას. მოდერნიზმი, როგორც საერთაშორისო სტილი, სწორედ ევროპაში ჩაისახა. მოდერნიზმმა მოიცვა ადამიანის ყოფის ყველა სფერო და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა დღევანდელი ევროპული ღირებულებების ჩამოყალიბებაში.
ევროპის მემკვიდრეობის დღეების ფარგლებში მოდერნისტული მემკიდრეობის თემის წინ წამოწევა მიზნად ისახავს მოდერნიზმის, როგორც საქართველოსა და ევროპული ოჯახის საერთო მემკვიდრეობის ხელახალი გააზრების ხელშეწყობას. ასევე, მოდერნისტული მემკვიდრეობის შესწავლისა და შეფასების პროცესის წახალისებას
მასალის გამოყენების პირობები