უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიული სამსახურების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად კიევში, საქართველოს მოქალაქე ჯუმბერ ჯონის ძე გუგავა დააკავეს.
გუგავა წარსულში რამდენჯერმე არის ნასამრთლევი, როგორც საქართველოში, ასევე ყაზახეთში და სასჯელაღსრულების სისტემაში, საერთო ჯამში, 23 წელი აქვს გატარებული.
ინტერპოლის ანგარიშის მიხედვით, აფხაზეთში დაბადებული გუგავა ქურდული სამყაროს წარმომადგენელია, რომელსაც ,,ქურდის" სტატუსი 1986 წელს უკრაინის ქალაქ დონეცკში მიანიჭეს.
კრიმინალურ სამყაროში ჯიმშერის, ჯიმის და ბინოს სახელით არის ცნობილი.
მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ჯუმბერ გუგავა უკრაინაში რუსეთის საზღვრის გავლით არალეგალურად ჩავიდა. უკრაინის ტერიტორიაზე ის რამდენიმე ბანდიტურ დაჯგუფებას აკონტროლებდა, რომლებიც საცხოვრებელი ბინებისა და მანქანების გაძარცვით იყვნენ დაკავებული.
ეს ჯგუფები გუგავასთან ერთად უკრაინაში 2013-14 წლებში ჩავიდნენ.
დაკავების დროს გუგავამ ფალსიფიცირებული საბუთები წარადგინა. როგორც აღმოჩნდა, ნაძარცვი პასპორტების ბლანკებით ის თავისი დამნაშავეობრივი ჯგუფის წევრებსაც უყალბებდა საბუთებს, რომლებიც უკრაინის დიდ ქალაქებში ,,მოღვაწეობენ".
უკრაინელი სამართალდამცავების მიერ ამ ჯგუფების მოქმედებები აღკვეთილია.
როგორც უკრაინის შინაგან საქმეთა უწყების ოპერატიული სამსახურები იუწყებიან, უკრაინაში თავშეფარებული ,,კანონიერი ქურდების" დევნის სპეცოპერაციები გძელდება.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ კიევში ე. წ. ,სხოდკა" გამოვლინდა, სადაც ასევე სამი ,,ქურდი" დააკავეს.
მასალის გამოყენების პირობები