პროკურატურა თავდაცვის სამინისტროს დაკავებული თანამშრომლების ადვოკატების ბრალდებებს ეხმიანება. როგორც პროკურორი ჯარჯი წიკლაური აცხადებს მათ არა ერთხელ ჰქონდათ საშუალება გასცნობოდნენ გრიფი საიდუმლო საქმის მასალებს თუმცა ეს შესაძლებლობა არ გამოიყენეს.
"ადვოკატებს არა ერთხელ ჰქონდათ საშუალება გასცნობოდნენ გრიფი საიდუმლო საქმის მასალებს. მათ შორის შევთავაზეთ ჩვენთან მობრძანებულიყვნენ და მათთვის გამოყოფილ ოთხებში გასცნობოდნენ საქმის მასალებს. Aასევე შევთავაზეთ რომ მათთან ოფისში მივიტანდით მასალებს და იქ გასცნობოდნენ, თუმცა ყოველივე აღნიშნულზე ადვოკატებმა დაუსაბუთებლად განაცხადეს უარი. რეალურად მათი თვითმიზანი არ არის მტკიცებულებების გაცნობა რამეთუ მათ არაერთხელ ჰქონდათ ამის შესაძლებლობა, თუმცა არ გამოიყენეს", _განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებული თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების ადვოკატებმა იმისთვის, რომ შეძლონ საქმის მასალების გაცნობა, დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის დახმარებით მიმართეს.
მათი განმარტებით, ადვოკატებისთვის შეუძლებელია საქმის დეტალების გაცნობა და ადეკვატური დაცვის საშუალება.
ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატის, სოსო ბარათაშვილის განცხადებით, მათი მოთხოვნის შემდეგ, მისცემოდათ მასალების ასლები საქმის გაცნობის მიზნით, პროკურატურამ ბრალდებულებს სახაზინო ადვოკატით სარგებლობაც კი შესთავაზა.
„იყო შეხვედრა ადვოკატებისა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, სადაც პროკურატურამ შესთავაზა ადვოკატებს, რომ ზეპირად გასცნობოდნენ საქმეს და ასლების გადაცემაზე უარი უთხრეს. ხოლო, როდესაც მათ მოითხოვეს ასლების გადაცემა, ადვოკატებთან ერთად მათ შესთავაზეს რომ სახაზინო ადვოკატებს დაეცვათ," - განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.
ადვოკატები აცხადებენ, რომ საიდუმლო გრიფი მხოლოდ მოტივია იმისა, რომ ადვოკატებმა ვერ შეძლონ ბრალდებულების სათანადოდ დაცვა და არ გამოამზეურონ ის სიყალბე, რასაც დღეს პროკურატურა ეყრდნობა.
„გრიფი აქ არის ფორმალობა, თორემ გრიფი რომ არ უნდა ედოს საქმეს, ყველამ კარგად ვიცით. პოლიტიკოსებიდან დაწყებული, პირველ დღეს პროკურატურამ საჯარო გახადა ეს საქმე. ამ მასალებს იმიტომ არ გვაძლევენ, რომ ჩვენ სათანადო დაცვა არ განვახორციელოთ, არ ჩავატაროთ ექსპერტიზები და მასმედიის საშუალებებმა საზოგადოებას არ გააცნონ ის სიყალბეები, რაზეც დღეს პროკურატურა ლაპარაკობს," - განაცხადა ლევან სამუშიამ.