უკრაინაში რუსების მხრიდან შესაძლო თავდასხმის ოთხ სავარაუდო მიმართულებას ასახელებენ
. ეს მიმართულებებია: დონეცკი, ლუგანსკი, დებალცევო და მარიუპოლი.
ამის შესახებ უკრაინის თავდაცვისა და ეროვნული საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის სპიკერმა ანდრეი ლისენკომ განაცხადა.
მისი თქმით, იერიში შეიძლება უკრაინის სამხრეთისკენაც მიიმართონ, მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისთვის საომარი მოქმედებები იქ ნაკლებად აქტიურ ფაზაშია.
,,მართალია, იქ ჯერ ძლიერი საბრძოლო მოქმედებები არ შენიშნება, მაგრამ ვიცით, რომ სამხრეთით უკვე საკმაოდ დიდი შეიარაღებული დაჯგუფება შეიკრიბა, რომელიც მძიმე სამხედრო ტექნიკითაა აღჭურვილი." - განაცხადა პრეს-სპიკერმა.
ლისენკოს აზრით, მარიუპოლის გარშემო მტრის დაზვერვის გააქტიურება იმაზე მიანიშნებს, რომ ამ რაიონზე თავდასხმა არის მოსალოდენლი.
,,თითქმის ყოველდღიურად ვაკვირდებით მარიუპოლის სიახლოვეს უპილოტო თვითმფრინავების მოძრაობას. გასაგებია, რომ სადაც სადაზვერვო და დივერსიული ჯგუფები მუშაობენ, სწორედ იქ მივიღებთ მოწინააღმდეგის შეტევას." - აღნიშნა ლისენკომ.
სპიკერმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ უკრაინული მხარე ყოველივე ამას ითვალისწინებს და აგრესიის მოსაგერიებლად მზადაა.