მოთმინებით ველოდები, რომ განსაჯაროვდეს პროკურატურის მიერ დაწყებული საქმე და დაიწყოს გამოძიების ღია პროცესი,- ასე ეხმაურება აუდიტის სამსახურის განცხადებას თავდაცვის ყოფილი მინისტრი, "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე ირაკლი ალსასანია.
ალასანიას თქმით, მისი უწყება აუდიტის სამსახურთან თანამშრომლობდა და გამჭვირვალე გამოძიების შემთხვევაში თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების უდანანაშაულობა დადასტურდება და კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მიმდინარე გამოძიებას პოლიტიკური სარჩული აქვს.
"მე დარწმუნებული, ვარ, რომ სამუშაო, რომელიც ერთად გასწიეს ჩემმა სტრუქტურამ და აუდიტის სამსახურმა, წარმოაჩენს იმ რეალურ ვითარებას, რაც სისტემაშია, მაგრამ მთავარი ახლა ის კი არ არის, რომელი კონკრეტული იწყება რა ურთიერთობაში იყო თავდაცვის სამინისტროსთან, ყველაფერი ერთად კონცენტრირდება სწორედ თავდაცვის სამინისტროსა და ჩემს წინააღმდეგ. ამას პოლიტიკური სარჩული აქვს, სხვა არაფერი. მე მოთმინებით ველოდები, რომ განსაჯაროვდეს ის საქმე, რაც პროკურატურამ დაიწყო და რეალურად დაიწყოს გამოძიების ღია პროცესი. ეს არის ერთადერთი გზა, როდესაც საზოგადოება დაინახავს რასთან გვაქვს საქმე და სიმართლე გაირკვევა, მე ამაში ვარ დარწმუნებული", - განაცხადა ალასანიამ.