ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში. საპატრულო პოლიციის კახეთის სამმართველოს თანამშრომელი გოჩა ომსარაშვილი, რომელიც გვიან ღამით ჩალაუბნის საგუშაგოდან სახლში ბრუნდებოდა, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ხიდის მშენებლობისთვის გაჭრილ თხრილში გადავარდა. გოჩა ომსარაშვილი მანქანას თავად მართავდა. ის შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც თვითმხილველებმა
კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევა ღამის სამ საათზე მოხდა.
„მანქანა დაახლოებით 5-6 მეტრის სიღრმეზე იყო ჩავარდნილი. ერთ მხარეს მშენებარე ხიდის ბეტონის კედელია, მეორეს მხარეს თხრილის ნაპირი და შიგ ჩავარდა. მძღოლი მაშველებმა ამოიყვანეს, უკვე გარდაცვლილი იყო", - უთხრა კახეთის საინფორმაციო ცენტრს შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე მეტრში მდებარე ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომელმა.
ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას, რამაც ადამიანის სისცოცხლის მოსპობა გამოიწვია.