დათა ახალაიას ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი კუდ-ის ყოფილი მაღლჩინოსნის ოლეგ მელნიკოვისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებას აპროტესტებს. როგორც სააპელაციო სასამართლოში, პოლიციელების ცემის საქმეზე პროცესის დასრულების შემდეგ, ირაკლი ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მოსალოდნელია, რომ მელნიკოვი ჩვენებას დათა ახალაის წინააღმდეგ მისცემს და არ გამორიცხავს, რომ აღნიშნულის გამო ახალაიას ბრალი კიდევ დაუმძიმდეს.
"ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ გამართლებული დავით ახალაიას მიმართ შეიცვალოს გამამართლებელი განაჩენი და გამოტანილ იქნას გამამტყუვნებელი განაჩენი. ასეთი ბინძური და მარტივი მეთოდებით მოქმედებს პროკურატურა, რასაც სამწუხაროდ, თავისი გადაწყვეტილებით, მხარი აუბა სააპელაციო სასამათლოს მოსამართლემ. სამარცხვინო ვითარებაა, პროკურატურას "ვულოცავ" დიდ მიღწევას და გამარჯვებას", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
აღნიშნულ საქმეზე, საქალაქო სასამართლომ დათა ახალაიას, ოლეგ მელნიკოვსა და სოსო თოფურიძეს თავისუფლების 3 წლითა და 9 თვით აღკვეთა შეუფარდა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საპროცესო შეთანხმების შედეგად, მელნიკოვი საპატიმროში მხოლოდ 2 წელს გაატარებს, სასჯელის დანარჩენ პერიოდს, 1 წელსა და 9 თვეს კი მეთვალყურეობის ქვეშ მოიხდის.
ოლეგ მელნიკოვის ადვოკატ ვარლამ ვალხამიშვილის ინფორმაციით, მელნიკოვი საპატიმროს შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, სავარაუდოდ, ახალ წლამდე დატოვებს.