12 ნოემბერს, 16:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, ცნობილი ქართველი მხატვარი დევიდ დათუნა და აკადემიის რექტორი გია გუგუშვილი გამართავენ პრესკონფერენციას ერთობლივი პროექტის შესახებ.
პროექტი გულისხმობს სამხატვრო აკადემიის წარმატებული სტუდენტების შერჩვას და წელიწადში ერთხელ ნიუ-იორკის საუკეთესო გალერეებში მათი ნამუშევრების გამოფენას. სტუდენტებს სპეციალურად ამ პროექტისთვის საქართველოში ჩამოსული ამერიკის საუკეთესო მუზეუმების კურატორები შეარჩევენ.
ეს ინიციატივა მოტივაციას აუმაღლებს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტებს და საშუალებას მისცემს განსაკუთრებით ნიჭიერ ახალგაზრდებს წარმოაჩინონ თავი საერთაშორისო მასშტაბით.
წარმოშობით ქართველი მხატვარი, დევიდ დათუნა ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებული და წარმატებული ავტორია მსოფლიოში. შთამბეჭდავი ინსტალაციებისა და მხატვრული გადაწყვეტების ოსტატი, კონცეპტუალური ხელოვნების სტილზეა ორიენტირებული. მისი გამოფენები უამრავ ქვეყანაში იმართება. 2014 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი მხატვრის ცხოვრებაზე და შემოქმედებაზე. აღნიშნული ფილმი წარდგენილია უამრავ პრესტიჟულ კინოფესტივალზე და ნაჩვენები იქნება მსოფლიოს სხვადასხვა ტელეარხებზე.
მასალის გამოყენების პირობები