როგორც აშშ-ის გამოცემა «The Daily Beast» წერს, გასულ წელს ამერიკელმა სახელმწიფო მოღვაწეებმა საზღვარგარეთიდან უფრო მეტი საჩუქრები მიიღეს, ვიდრე კენი უესტმა და კიმ კარდაშიანმა ქორწინების რეგისტრაციის დროს.
„უცხოეთის ქვეყნების ლიდერები აშშ-ში თავიანთი დიპლომატიური ვიზიტების დროს ამერიკელ ჩინოვნიკებს საჩუქრებს უძღვნიან ხოლმე და ამით თავაზიანობას იჩენენ. სამწუხაროდ, ეთიკის კანონების თანახმად, ეს საჩუქრები ჩინოვნიკებს არ რჩებათ და ისინი ფედერალური მთავრობის მფლობელობაში გადადის, ხდება მათი კატალოგებში შეტანა და რეგისტრირება", - ნათქვამია პუბლიკაციაში და ჩამოთვლილია 2013 წლის განმავლობაში მიღებული საჩუქრებიც.
საინტერესოა, რომ საჩუქრებში საკმაოდ ბევრი სპეციფიკური ნივთია. ერთ-ერთ ასეთ სპეციფიკურ საჩუქრად დასახელებულია საქართველოს მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობათა პალატის წევრის დანა რორაბაკერისადმი მიძღვნილი საჩუქარი - „ერთი ბოთლი სარაჯიშვილის კონიაკი".
ეს კონიაკი უბრალო არ გეგონოთ, „მე-20 საუკუნის [დასაწყისშია] ჩამოსხმული ქართველი მეღვინეების მიერ და ტრადიციული ფრანგული კონიაკის მსგავსი სასმელია. ერთი ბოთლი ქართული კონიაკი შეფასებულია 1400 დოლარად. დანა რორაბაკერმა ერთი ბოთლი კონიაკი საგანგებოდ შემოინახა ვაშინგტონში მდებარე თავის ოფისში. იმედია, დიდხანს არ შეინახავს, ანუ მალე დალევს", - ნათქვამია პუბლიკაციაში.
მასალის გამოყენების პირობები