ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჯგუფურად გაფლანგვის, სამსახურებრივი სიყალბის ჩადენისა და თაღლითობის ფაქტებზე, ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზურაბ ჯიბუხაია, გამგებლის მოადგილე ბესარიონ ჭელიძე, საკრებულოს წევრი ლევან ბობოხიძე და ნიკოლოზ კირთაძე დამნაშავეებად ცნო.
მთავრი პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ლევან ბობოხიძემ, მისი ახლობლის ნიკოლოზ კირთაძისთვის მატერიალური სარგებლის მისაღებად, დაგეგმა და ორგანიზება გაუკეთა ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებასა და ყალბი დოკუმენტებით სამასალე და საშეშე მერქნის გაფლანგვას. კერძოდ, 2010 წელს ლევან ბობოხიძის მიერ ორგანიზებული დანაშაულებრივი სქემის შესაბამისად, ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზურაბ ჯიბუხაიამ და გამგებლის მოადგილე ბესარიონ ჭელიძემ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამასალე და საშეშე მერქანი, რომელიც ხონის მუნიციპალიტეტის დადგენილების თანახმად სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის უნდა გადაეცათ, უსასყიდლოდ გადასცეს ნიკოლოზ კირთძეს. ამ უკანასკნელმა კი მიღებული მერქანი ცალკეული მოქალაქეების სახელზე შედგენილი ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ჩააბარა ხის გადამამუშავებელ საამქროებს, რომელთა ხელმძღვანელებმა ლევან ბობოხიძის დავალებით, მიღებული მერქნის საბაზრო ღირებულების თანხა ნიკოლოზ კირთაძეს გადასცეს. აღნიშნული ქმედებით გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა.
სასამართლომ ოთხივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო შემდეგ ბრალდებებში:ზურაბ ჯიბუხაია ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა'' და ,,დ" ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 07 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, 02 წლის ვადით ჩამოერთვა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. „ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე გაუნახევრდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა - 03 წლით და 06 თვით თავისუფლების აღკვეთა და 01 წლის ვადით ჩამოერთვა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.
საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ბესარიონ ჭელიძე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 341-ე მუხლით და 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" და „დ" ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით. დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 07 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, 02 წლის ვადით ჩამოერთვა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. „ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე გაუნახევრდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა 03 წლითა და 06 თვით თავისუფლების აღკვეთა და 01 წლის ვადით ჩამოერთვა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.
ნიკოლოზ კირთაძე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 341-ე მუხლით და 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით. დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 06 წლით თავისუფლების აღკვეთა. „ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა - 04 წლით და 06 თვით თავისუფლების აღკვეთა.
ლევან ბობოხიძე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით, ასევე 25, 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" და „დ" ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით. დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 07 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, 02 წლის ვადით ჩამოერთვა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.
ამასთან „ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე გაუნახევრდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა 03 წლითა და 06 თვით თავისუფლების აღკვეთა და 01 წლის ვადით ჩამოერთვა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.