მიმდინარე წლის 10 ნოემბერს, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე ფონდის ხელმძღვანელთან, საშა გრაუმანთან ერთად, განიხილეს ქვეყანაში ბავშვთა სიღარიბის შემცირების გზები და ის რეკომენდაციები, რომელსაც Unicef-ი სოციალური დახმარების სახელმწიფო პროგრამების პარალელურად, სთავაზობს მთავრობას ქვეყანაში ყველაზე დაუცველი ბავშვების დასახმარებლად.
გაერო-ს ბავშვთა ფონის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე წარმოადგინეს პრეზენტაცია, თუ როგორი შეიძლება იყოს სოციალური დახმარების სისტემა და სპეციალური შეღავათები, რომელიც ხელს შეუწყობს ყველაზე დაუცველი ბავშვების კეთილდღეობის ზრდას.
ფინანსთა მინისტრმა გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა საქართველოში ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში გაწეული საქმიანობისთვის და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ბავშვთა სიღარიბის პრობლემის მოგვარება მთავრობისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რისთვისაც Unicef-თან ერთად, ხელისუფლება მზადაა ინტენსიური თანამშრომლობისთვის.