რადიო „ეხო მასკვის" მთავარი რედაქტორი შესაძლოა პოსტიდან გადადგეს. ამის შესახებ ალექსეი ვენედიქტოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„სიკვდილს მე დაბადებიდან ველი, გადადგომისთვის კი ყოველთვის მზად ვარ. თუ დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელს ჩემი გათავისუფლება სურს, ამისთვის მას ყველა ბერკეტი აქვს და სულაც არ არის საჭირო მუქარა,"-განმარტა ვენედიქტოვმა.
დაპირისპირება „ეხო მასკვის" ხელმძღვანელობასა და მთავარ რედაქტორს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც კომპანიის მთავარი აქციონერის, „გაზპრომ-მედიის" მოთხოვნით სამსახურიდან ჟურნალისტი ალექსანდრ პლიუშევი გადააყენეს. ამის მიზეზი კი პლიუშევის მიერ სოციალურ ქსელებში დადებული პოსტი გახდა. ჟურნალისტი კრემლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ივანოვის ვაჟის დაღუპვის ფაქტს ცინიკურად გამოეხმაურა. კერძოდ კი განაცხადა, რომ ანდრეი ივანოვის სიკვდილში ღმერთის ხელს ხედავს. ამის გამო ჟურნალისტს საჯაროდ ბოდიშის მოხდა მოუხდა, თუმცა ის სამსახურიდან მაინც დაითხოვეს. ვენედიქტოვმა კი გათავისუფლების ბრძანებას ხელი არ მოაწერა.
მასალის გამოყენების პირობები