7 ნოემბერს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გიწვევთ ცნობილი თურქი მხატვრის დევრიმ ერბილის გამოფენაზე სახელწოდებით ,,სტამბოლი და პოეტური აბსტრაქციები" .
დევრიმ ერბილი დაიბადა თურქეთის ქალაქ უშაკში. დაამთავრა სტამბოლის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. მოგვიანებით ხელმძღვანლობდა სამხატვრო სწავლებასა და კვლევებს ესპანეთში, საფრანგეთსა და ბრიტანეთში. 2005 წელს დააფუძნა ხელოვნებისა და დიზაინის ფაკულტეტი დოღუშის უნივერსიტეტში. არის მრავალი ადგილობრივი და საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი. მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ საერთაშორისო გამოფენასა და პროექტში.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ავტორის სხვადასხვა ტექნიკით შესრულებული, უძველესი ქალაქის- სტამბოლის ხედებით ინსპირირებული 26 ნამუშევარი. დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ აგრეთვე იხილონ, საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებში დაცული, დიმიტრი ერმაკოვის მიერ, სხვადასხვა წლებში გადაღებული თურქეთის ურბანული, სოციალური, კულტურული და ყოველდღიური ყოფის ამსახველი ფოტოები.
გამოფენა იმართება საქართველოში თურქეთის კულტურის დღეების ფარგლებში. ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თურქეთის რესპუბლიკის საელჩო და იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის თბილისის თურქული კულტურის ცენტრი. ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცის სამინისტრო.
გამოფენა 21 ნოემბრამდე გაგრძელდება.
მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შოთა რუსთაველის გამზირი 3