ხვალ, 7 ნოემბერს, 19:00 საათზე, მწერალთა სახლში კინომცოდნე თეო ხატიაშვილის საჯარო ლექცია "კინოს გავლენა სტილ(ებ)ისა და იდენტობების ჩამოყალიბებაში" გაიმართება, ციკლიდან „ კინო და თანამედროვე ტენდენციები".
„კინოს დაბადებისთანავე დაიწყეს ლაპარაკი ახალი ენის-უფრო სწორად, ყველაზე პირველი არქაული ენის აღორძინება/დაბადებაზე, რაც მრავალსაუკუნოვანი ლოგოცენტრული კულტურის ვიზუალური კულტურით შეცვლას განაპირობებდა. თანამედროვე ტექნოლოგიურ ეპოქაში ეს „წინასწარმეტყველება" სულ უფრო რეალური ხდება, თუმცა კინოს გავლენა გაცილებით ფართო არეალს მოიცავს, ვიდრე კონკრეტულად ხელოვნების ამათუიმ სფეროსა თუ მთლიანად კულტურაში მომხდარი რადიკალური ცვლილებებია. კინო ახდენს გავლენას ცხოვრების წესსა თუ ეპოქის სტილის ჩამოყალილბებაზე, იდეებისა თუ იდეოლოგიების ფორმირებასა და გავრცელებაზე, ადამიანის/ნაციის იდენტობის განსაზღვრაზე და ა. შ."- თეო ხატიაშვილი.