დღეს, 7 აპრილს, 12:00 საათზე, თბილისის მე-60 საჯარო სკოლაში გაიმართება ღონისძიება-აქცია სახელწოდებით: "ჩვენ ვიცავთ საგზაო წესებს", რომელიც ხორციელდება "საგზაო უსაფრთხოების სწავლება სკოლებში" პროექტის ფარგლებში.
როგორც პროექტის ავტორებმა "ჯი-ეიჩ-ენს" აცნობეს, მე-60 სკოლის მოსწავლეები, რომლებიც არიან ჩართულები ზემოხსენებულ პროექტში, სტუმრების წინაშე მოახდენენ იმ ცოდნის დემონსტრირებას, რომელიც შეიძინეს სკოლაში საგზაო უსაფრთხოების სწავლების პროგრამის განხორციელების შემდეგ.
პროექტს "საგზაო უსაფრთხოების სწავლება სკოლებში" ახორციელებს ფონდი "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის", რომელიც მსოფლიო საავტომობილო ფედერაციის ფონდის (Fia Foundation) დაარსებული ორგანიზაციაა საქართველოში და მის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საგზაო უსაფრთხოება, კერძოდ, საზოგადოების ჩართვა ამ სფეროში არსებული პრობლემების მოგვარების საქმეში. ამასთან, ზემოხსენებული პროექტი მიმდინარეობს "ალიანსი საქართველოს უსაფრთხო გზებისთვის" პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის პატრონაჟით.
პროექტში :ალიანსი საქართველოს უსაფრთხო გზებისთვის" მონაწილეობენ: ფონდი "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის", აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) კომპანია BP, აშშ-ის საელჩო საქართველოში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი, ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში, ჟურნალი "AUTO BILD", საქართველოს ნაციონალური საავტომობილო ფედერაცია.